თეთრი სახლი ბელგოროდში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შესახებ აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ბრალდებების შესახებ ინფორმირებულია და დეტალების გასარკვევად მუშაობს.
ამაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.
"არა, არ გვაქვს [მეტი ინფორმაცია]. ვნახეთ ცნობები, თუმცა არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ისინი დავადასტუროთ. ცხადია, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ", - განაცხადა მან.
რუსული მხარე ამტკიცებს, რომ თვითმფრინავში, რომელიც დღეს ბელგოროდში, სოფელ კრიივში ჩამოვარდა, 63 დატყვევებული უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა და ისინი გასაცვლელად მიჰყავდათ. მათივე ცნობით, ბორტზე კიდევ 9 ადამიანი - 6 ეკიპაჟის წევრი და 3 თანმხლები რუსი სამხედრო იმყოფებოდა.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ ბელგოროდში მართლაც ჩამოაგდეს თვითმფრინავი, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ მას S-300-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტები გადაჰქონდა.